Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამიას განაჩენში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პოლიტიკურ საფუძველს ვერ ხედავენ


ნიკა გვარამია, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი.
ნიკა გვარამია, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებაში, მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავს დანაშაულზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, შესაძლოა, „ციმბირი უკან მოეტოვებინათ.“

მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს მიზეზი ვინმესთვის, რომ განაცხადოს და ისაუბროს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად სენსიტიური არის იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ბატონი გვარამიას მოღვაწეობა ბოლო ხანებში, ბოლო ხანებში არა, უკვე დიდი ხანია, თავისი შინაარსით არის არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური აქტიურობა. შესაბამისადაც, ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას ამისას განაპირობებს, მაგრამ სენსიტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლია ვინმეს ხელაღებით ისაუბროს, მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკურ დევნაზე, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად არის ახსნილი ის, რომ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა. რომელიც სასამართლომ შეაფასა დანაშაულად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, სასამართლო დასაბუთების ნახვამდე გაუჭირდება იმის თქმა, რატომ განსაზღვრა სასამართლომ ეს სასჯელი, თუმცა, ვარაუდობს, რომ ზიანის მოცულობამ და ბევრმა სხვა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს მკაცრი სასჯელის არჩევა.

მედიის კითხვაზე, უჩენს თუ არა პოლიტიკური დევნის საფუძველზე ფიქრის საშუალებას ის, რომ სამი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მიმართ არის დაწყებული სასამართლო დევნა, სარჯველაძემ განაცხადა, რომ ყველა ამ არხის ხელმძღვანელები არიან ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან „რომლის პერიოდშიც ამ სიმძიმის დანაშაულისთვის შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ.“

სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, სამწუხაროდ, რომ ხშირად სჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში, ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს პირთა მხრიდან, რომლებიც არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულნი, რომ დანაშაულებს ჩადიოდნენ", - განაცხადა სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სამართლებრივი სახელმწიფოს გაგებას ეწინააღმდეგება დანაშაულისგან თავის არიდება საჯაროობის გამო.

„ის, რომ შენ სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა, რომ შენ ამ პასუხისმგებლობას გაექცე, იმიტომ რომ ხარ საჯარო პოლიტიკოსი, საჯარო პირი, ზოგადად, მედიასაშუალების დამფუძნებელი თუ ხელმძღვანელი, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ საუბარი მათი მხრიდან შეიძლება იყოს ე.წ. სამართლებრივ დევნაზე, უკვე არის მიუღებელი, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ბექა დავითულიანს თქმით, სარჩელი იყო ინიციირებული კერძო ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის მიერ ინტერესების დაზიანებაზე, „რა შუაშია ხელისუფლება და რა შუაშია სასჯელი.“

ნიკა გვარამია რომ არ იქნება, „მთავარი არხი“ გაქრება, თუ რა მოხდება“, - ამბობს ბექა დავითულიანი.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის დასჯას ემსახურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG