Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დანიშნული სხდომა სააკაშვილის მოთხოვნით გადაიდო


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

16 მაისს დაგეგმილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, რომელზეც ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, 25 მაისისთვის გადაიდო.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წერილით მიმართა, რომლის თანახმადაც, მან უარი განაცხადა მისი დასწრების გარეშე სხდომის ჩატარებაზე. მოსამართლის განმარტებით, ეს მისი უფლებაა და სხდომა გადადო.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქციები გამართეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG