Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში ადვოკატმა მოინახულა


დიმიტრი საძაგლიშვილი, ადვოკატი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ისაუბრეს სამომავლო საორგანიზაციო საკითხებზე.

ნიკა ელოდებოდა და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭერდა, იმიტომ რომ მას კარგად აქვს გააზრებული, თუ როგორ ექცევიან კრიტიკული ტელევიზიების დირექტორებს იმ ქვეყანაში, საითაც მიგვაქანებს, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი. ვგულისხმობ რუსეთს, ცხადია, და ვგულისხმობ ბელარუსს, იმიტომ რომ სხვა ასეთი ქვეყანა აღარც დარჩა. ასე რომ მისთვის მოულოდნელი არც ყოფილა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, გვარამიას არ აქვს იმის ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და დარწმუნებულია, რომ, როგორ დაპატიმრების, ისე გათავისუფლების გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური.

„მე პირადად მგონია, რომ უბრალოდ არ გამოუვა ივანიშვილს ამ ქვეყნის რუსეთში გათრევა და პუტინიზაცია. ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს ამაში. ასევე მგონია, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის კრიტიკული მედიასაშუალებების შენარჩუნება და მას არ უნდა გამოუვიდეს განსხვავებული აზრის, კრიტიკული აზრის ჩახშობა და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ არ გამოუვა ტელეკომპანია "მთავარის" შემთხვევაში. ნიკაც ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და მეც მიმაჩნია, რომ ის გუნდი, რომელიც შექმნა ნიკა გვარამიამ, დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება პრორუსული და პროპუტინური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება შესაძლო შეწყალების საკითხს, რის თაობაზეც ჟურნალისტებმა ჰკითხეს საძაგლიშვილს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას პოზიცია არის უცვლელი და ის ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „არავინ არ უნდა სთხოვოს არაფერი“.

მისი სიტყვებით, ფორმალურად სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება და „ალბათ დაორგანიზდება ის მიმართულება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს უკმაყოფილების გამოხატვა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნის გამო", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის დასჯას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG