Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩოები 17 მაისის შესახებ: აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედება საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად


17 მაისამდე ერთი დღით ადრე საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების საკითხზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედება საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად.

„ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება.

ვწუხვართ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქი+ თემის მიმართ და ხმა აიმაღლონ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დიპლომატიური კორპუსი ყურადღებას ამახვილებს შარშან 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი.

„ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

„უახლესი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ლგბტქი+ თემებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას და თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი+ პირების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე.

სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. ასევე აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენლების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები, - აცხადებენ განცხადების ავტორები, - მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით, ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად".

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები ამ დღეს სათანადოდ ვერ აღნიშნავენ, რადგან ძალადობრივი ჯგუფები მათ ამაში ხელს უშლიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG