Accessibility links

site logo site logo

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს "აზოვსტალის" 264 დამცველის ევაკუაციას


"აზოვსტალიდან" ევაკუირებული დაჭრილი უკრაინელი სამხედრო ნოვოაზოვსკში. 2022 წლის 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, "აზოვსტალის" კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ნოვოაზოვსკი და ოლენივკა რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „აზოვსტალში“ ბლოკირებულთა გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. გენშტაბი არ აკონკრეტებს, რამდენი მებრძოლი რჩება მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე. 10 მაისს, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობდა, რომ "აზოვსტალში" იმყოფება დაახლოებით 1000 მეომარი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა.

უკრაინის არმიის გენერალური შტაბი მარიუპოლის დამცველებს უწოდებს „ჩვენი დროის გმირებს“, რომლებიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან: სპეციალური დანიშნულების რაზმი „აზოვი“, ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები.

გენშტაბის განცხადებით, „აზოვსტალში“ პოზიციების დაცვით, უკრაინელმა მებრძოლებმა მოწინააღმდეგეს არ მისცეს სხვა მიმართულებებით 20 000-მდე სამხედროს გადასროლის შესაძლებლობა და ამით ხელი შეუშალეს ზაპოროჟიეს სწრაფად დაკავების გეგმის რეალიზაციასა და დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისვლაში.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მარიუპოლის გარშემო მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების შებოჭვამ მისცა შესაძლებლობა შეექმნა თავდაცვითი მიჯნები, სადაც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან და აგრესორს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ.

რუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორია რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.

სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა შეიარაღების და სხვა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. ბოლო დღეებში, უკრაინის ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის თურქეთის შუამავლობით, რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკება "აზოვსტალიდან" უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის მიზნით. 16 მაისს, საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილების ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაყვანის შესახებ და ამ მიზნით, გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი. უკრაინის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია მხოლოდ გვიან ღამით დაადასტურა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG