Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროკავშირის სანქციებთან "საქართველოს არასაკმარის შესაბამისობაზე" გაამახვილა ყურადღება


ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი

ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა, რომელზეც ძირითად ყურადღება სამ საკითხზე - ევროკავშირში განაცხადზე, სანქციებთან შესაბამისობასა და რეფორმების პროცესზე გამახვილდა. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი იუწყება ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით, კერძოდ შარლ მიშელს აღუნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შესახებ სავარაუდოდ 8-15 ივნისს მოსალოდნელი დებატები დაკავშირებული იქნება სანქციების საკითხთან და რეფორმების პროცესზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მოუწოდა უფრო მეტი „რეალური რეფორმებისკენ“, რომლის მხრივაც, როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობა საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული, ბოლო თვეებში ბევრი არაფერი მომხდარა. რაც შეეხება რუსეთის მიმართ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს, არსებობს მოსაზრება, რომ საქართველომ „არასაკმარის ნიშნები“ აჩვენა ბრიუსელის პოლიტიკასთან შესაბამისობის მიღწევის თვალსაზრისით.

თავის მხრივ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც გაავრცელა .
მათი ცნობით, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

„შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციაში.

პირველი განცხადება სანქციებზე უარის თქმის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს გააკეთა და შემდეგაც, ბევრჯერ გაიმეორა. „ქართული ოცნების“ განმარტებით, სანქციების დაწესება "ქართველი ხალხის ინტერესებს" ეწინააღმდეგება, რუსეთთან ომის გამოცხადების ტოლფასია და ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯისკენ ქვეყანას "ომის პარტია" - ოპოზიციური ძალები უბიძგებენ.

25 მარტს ევროპულმა საბჭომ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, შეუერთდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს.

ევროპული საბჭოს თანახმად, ევროკავშირმა აამოქმედა მნიშვნელოვანი სანქციები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს რუსეთსა და ბელარუსზე. ევროკავშირი კვლავაც მზად არის დახუროს ხვრელები და სწრაფად გადავიდეს შემდგომ, კოორდინირებულ მკაცრ სანქციებზე, რათა ეფექტურად შეუშალოს ხელი რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელებას. ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, შეუერთდნენ ამ სანქციებს და აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს სანქციებისთვის გვერდის ავლის ან რუსეთისთვის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა.

  • მოლდოვამ და საქართველომ 3 მარტს წარადგინეს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. მანამდე, 28 თებერვალს ეს უკრაინამ გააკეთა.
  • საქართველოს მთავრობა "ქვეყნის და ხალხის ინტერესების" მოტივით უარს ამბობს შეუერთდეს უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ 24 თებერვლის შემდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG