Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს ზარდიანთკარის მახლობლად


ფოტო არქივიდან: 2008 წლის ომის დროს დანგრეული სახლი სოფელ ზარდიანთკარში. 2018 წლის აგვისტო
ფოტო არქივიდან: 2008 წლის ომის დროს დანგრეული სახლი სოფელ ზარდიანთკარში. 2018 წლის აგვისტო

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მახლობლად. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა სოფელში გორის მერის წარმომადგენელმა, მერაბ მახარაშვილმა. მისი ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობენ: "უკვე არსებული საოკუპაციო ხაზის შიგნითა მხარეს ავლებენ. ალბათ, თავისი ხალხიც რომ აკონტროლონ".

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ დღეს, 18 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას შემოგარენში მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 700-მეტრიან მონაკვეთზე“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სოფელი ხელჩუა ზარდიანთკარს ესაზღვრება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასაზღვრო სამსახური ამ უკანონო სამუშაოების მიზნად ასახელებს „ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სახელმწიფო საზღვართან კანონსაწინააღმდეგო მისწრაფებების ლოკალიზებას“.

ამ ასპექტების გათვალისწინებით, დესტრუქციულად მიგვაჩნია ცალკეულ პირთა ქმედებები, საკუთარი კონტრაბანდული და სხვა უკანონო ქმედებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც აფერხებს რესპუბლიკის სასაზღვრო ორგანოების საქმიანობას“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში. კონკრეტულად ვინ ეწევა „დესტრუქციულ ქმედებებს“, მითითებული არ არის.

ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასა და ზარდიანთკარს შორის „ბორდერიზაციას“ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მისი ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 2022 წლის თებერვალ-მარტში ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოებს ატარებდნენ გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელთან: კირბალთან, მეჯვრისხევსა და ჯარიაშენთან. კირბალის მონაკვეთზე საოკუპაციო გამყოფი ხაზი სოფლის სასაფლაომდე ჩამოწიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG