Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის“ მხარდასაჭერად ბათუმში იმართება სოლიდარობის აქცია


სოლიდარობის აქცია ბათუმში. 18 მაისი, 2022 წელი
სოლიდარობის აქცია ბათუმში. 18 მაისი, 2022 წელი

სოლიდარობის აქციაში მონაწილე ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა საპროტესტო მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირით მოაწყეს და აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქციის მონაწილეების შეფასებით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური დევნაა.

"ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადა. ნიკა გვარამიას დაპატიმრებით კიდევ ერთი, ყველაზე თამამი ოპონენტი მოიშორა. საზოგადოებას დარჩა კითხვის ნიშნები, რადგან ის საფუძველი, რითაც ნიკა გვარამია დააპატიმრეს, არაა დამაჯერებელი, იმიტომ რომ ნებისმიერი საჯარო მოხელე იყენებს საჯარო რესურსს და ამისთვის მას პასუხს არავინ სთხოვს. უამრავი ფაქტია ჟურნალისტების მიერ სამსჯავროზე გამოტანილი, რომელიც საგამოძიებო უწყებების ყურადღებას იმსახურებდა, თუმცა არც კი შეუმჩნევიათ. ამ ფონზე კი კერძო კომპანიის ავტომობილით სარგებლობა გახდა ნიკა გვარამიას დაპატიმრების მიზეზი. ამიტომ ეს არაა ჩვეულებრივი სამართალდარღვევა, ეს არის ოპონენტის პოლიტიკური დევნა", - თქვა აქციაზე ჟურნალისტმა მაია მერკვილაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მედიის სოლიდარობის მარში იმართება თბილისშიც. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.

XS
SM
MD
LG