Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ოპონენტების გაჩუმების მცდელობა, თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე - პარტნიორების გამოხმაურებები გვარამიას საქმეზე


რუსთავი 2-ის ყოფილი ხელმძღვანელისა და მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს 16 მაისს გამოტანილ განაჩენს საერთაშორისო პარტნიორები და დასავლელი პოლიტიკოსები აფასებენ. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების შეფასებით, განაჩენი პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითია და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

"ქართული ტელეკომპანიის მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 3-წელიწადნახევარი მიუსაჯეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. პოლიტიკური ოპოზიციის დადუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელ გზაზე დააყენებს. სამართლის უზენაესობა და თავისუფალი პრესა დემოკრატიისთვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელია" - წერს რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში ტვიტერზე.

"ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლიანი პატიმრობის მისჯა არის სერიოზული დარტყმა მედიის თავისუფლებაზე, ასევე, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის მცდელობების გაგრძელების ნაწილი. ეს მოვლენები ვერ იქნება იგნორირებული იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის ფონზე" - ეს ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის შეფასებაა. ის ევროპის სახალხო პარტიას წარმოადგენს.

"ქართულ ოცნებას თითქოს სურს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია, ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად. ასევე, უშვებს ყველანაირ შეცდომას უკრაინისთვის სოლიდარობის ჩვენებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის საკითხში. ეს ყველაფერი ხდება კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების წინ. ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, როგორ კარგავს საქართველო ამ შესაძლებლობას" - ასე გამოეხმაურა გვარამიას დაპატიმრების ცნობას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.

"ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის რეჟიმის მსგავს მმართველობას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ეს ხომ არ არის საბოტაჟი მისი მხრიდან საქართველოს ევროკავშიროს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ? " - იკითხა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ტვიტერზე.

ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს ნეგატიური შეფასება მოგყვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხრიდან.

17 მაისს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე, ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესზე. კობახიძის თქმით, "სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი."

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG