Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავებოდნენ და რისთვის დააპატიმრეს ნიკა გვარამია - ოთხი ძირითადი პუნქტი 


ნიკა გვარამია სასამართლოზე. 16 მაისი
ნიკა გვარამია სასამართლოზე. 16 მაისი

დღეს, 16 მაისს, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მას 2019 წლიდან ედავებოდა „რუსთავი 2“-ის დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, მოსყიდვას, ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ასევე, ამის მიზანია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ სიგნალის გაგზავნა, კრიტიკის შემთხვევაში რა ბედი შეიძლება გაიზიარონ მათმა მფლობელებმა...
ვანო ჩიტაშვილი  

მათგან, გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში:

  1. ტელეკომპანიისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში
  2. ტელეკომპანიის სარეკლამო დროის ხარჯზე ძვირად ღირებული ავტომობილის მიღებაში.

ორივე ეპიზოდი მოსამართლემ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეაფასა (სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი) და ნიკა გვარამიას, კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა - 50 000 ლარი დააკისრა, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდისთვის კი პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობამ, როგორც უფრო მძიმე სასჯელმა, ჯარიმა შთანთქა.

ბრალდება 7 მილიონამდე ლარის ზიანზე

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ 2015 წელს „რუსთავი 2“-მა „ინტერ მედია პლიუსიდან“ სარეკლამო დროის სანაცვლოდ, წინა წელთან შედარებით 6 763 509 ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო. პროკურატურის მტკიცებით, დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაფლანგა 7 მილიონამდე ლარის მოთხოვნის უფლება, რითაც „რუსთავი 2“ აზარალა.

ბრალდება მიიჩნევს, რომ ამ თანხის გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, „ინტერ მედია პლიუსის დირექტორის“, ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ამავე კომპანიისაგან უკანონოდ მიიღო პირადი სარგებელი - ორი ბინა თბილისში.

პროკურატურისვე ვერსიით, ნიკა გვარამიამ 2 წლის შემდეგ, 2017 წლის ივლისსა და სექტემბერში ორივე ბინა გაასხვისა, რაშიც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521 ლარის - შემოსავალი.

“Porsche Macan S”-ის ეპიზოდი

ბრალდების დადგენილების თანახმად, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი, ხოლო ტელეკომპანიამ 66 271 ლარის ოდენობის ზიანი განიცადა.

ბრალდება გვარამიას „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის სანაცვლოდ, ტელეკომპანიის ინტერესის საწინააღმდეგოდ, ძვირად ღირებული ავტომობილის მიღებას ედავებოდა.

საქმეში უამრავი დარღვევაა, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას მიმართ ანგარიშწორება...

პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ხელმძღვანელებს შესთავაზა, რომ მათგან პორშეს მარკის ავტომობილს შეიძენდა, სანაცვლოდ კი ტელეკომპანიის ეთერში მათ რეკლამას განათავსებდა.

პროკურატურის ვერსიით, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის მანქანის საფასური, 76 700 ევრო, „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსს“ სარეკლამო კომპანია „პროესკო მედიამ“ გადაუხადა, სარეკლამო დროის დათმობით.

ბრალდება უთითებს, რომ Porsche Macan S-ი ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ, „პროესკო მედია“ დაფიქსირდა.

რაში გამართლდა ნიკა გვარამია?

მოსამართლემ „მთავარი არხის“ დირექტორი წარდგენილი ბრალდებებიდან სამში გაამართლა:

  • ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია [სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი];
  • მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებს [სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილი];
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება [სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი].

რატომ პოლიტიკურად მოტივირებული?

ნიკა გვარამიას საქმის განხილვისას, 2021 წლის დეკემბერში, დაცვის მხარემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი მოწმე „დაინტერესებული პირი“ და, ამავე დროს, მოსამართლის ახლობელია. ადვოკატებს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილდათ.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მოწმე ზაზა გველესიანი იმ მედიაჰოლდინგის დირექტორია, რომელიც „რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო და მართვის უფლებებს ფლობს.

ეს მენეჯერული გადაწყვეტილება იყო კორპორაციული სამართლებრივი საკითხი და არცერთ შემთხვევაში არ უნდა განხილულიყო სისხლისსამართლებრივ ჭრილში...
ვანო ჩიტაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ვანო ჩიტაშვილი განმარტავს, რომ მოსამართლემ პროცესზე არ უარყო ზაზა გველესიანთან კავშირი, რაც უკვე ქმნიდა მოსამართლის აცილების საფუძველს.

„საქმეში უამრავი დარღვევაა, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, როგორც ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას მიმართ ანგარიშწორება, საბოლოო ჯამში კი, „მთავარი არხისათვის“ პრობლემების შექმნა იყო. ასევე, ამის მიზანია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ სიგნალის გაგზავნა, კრიტიკის შემთხვევაში რა ბედი შეიძლება გაიზიარონ მათმა მფლობელებმა“, - ამბობს ის.

გასული წლის მარტში „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ ნიკა გვარამიას საქმეზე „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა.

„რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდზე მომზადებულ დოკუმენტაციაში წერია, რომ კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს, მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები და მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული არ აღმოჩნდა.

იურისტი ვანო ჩიტაშვილი, რომელიც ამ დოკუმენტზე მუშაობდა, მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება, საქმე სისხლისსამართლებრივ ჭრილში განეხილა, არასწორი იყო.

„ეს მენეჯერული გადაწყვეტილება იყო კორპორაციული სამართლებრივი საკითხი და არცერთ შემთხვევაში არ უნდა განხილულიყო სისხლისსამართლებრივ ჭრილში“, - ამბობს იურისტი.

სასჯელები რომ შევადაროთ, ცალსახად იკვეთება, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო...
ვანო ჩიტაშვილი

ვანო ჩიტაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ დაკისრებული სასჯელები, ერთი მხრივ, არაპროპორციულია და, მეორე მხრივ, პოლიტიკურად მოტივირებული:

„პირველ ეპიზოდში, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, ზიანი არის 6 მილიონი, მანდ შეეფარდა სასჯელის სახით 50 000 ლარი და მეორე ეპიზოდში, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, ზიანი არის 66 271 ლარი, იქ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3,5 წლით.

სასჯელები რომ შევადაროთ, ცალსახად იკვეთება, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. სასჯელები, მოსამართლის ლოგიკას რომც გავყვეთ, არაპროპორციულია. ხოლო ჩვენი შეფასება პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით არის, რომ ცალსახად უნდა გაემართლებინა“.

როგორ დაიწყო ნიკა გვარამიას სისხლისსამართლებრივი დევნა

პროკურატურამ გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი გენერალურ პროკურატურაში სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე (ამ გადაწყვეტილების შედეგად, 2019 წელს შეიცვალა „რუსთავი 2“-ის მფლობელი და მენეჯმენტი) 2 დღით ადრე შეიტანა.

ნიჟარაძე სისხლის სამართლის 3 მუხლით (კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოების საზიანოდ მოქმედება, თანხების მითვისება-გაფლანგვა და ქონების გადამალვა) ითხოვდა გვარამიას საქმიანობის შესწავლას.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო, ბრალდება კი მას ამავე წლის აგვისტოში წარუდგინეს.

განაჩენის მოლოდინში - ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:13:46 0:00

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG