Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე გვარამიას დაპატიმრებისა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხები დააყენა


19 მაისი. თბილისი. ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან, დერეკ შოლესთან.  
19 მაისი. თბილისი. ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან, დერეკ შოლესთან.  

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მრჩეველი დერეკ შოლე შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დერეკ შოლემ შეხვედრაზე სათითაოდ მოუსმინა ყველას. ხოლო, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ შეფასებებში პრინციპული განსხვავებები არ ყოფილა.

„აინტერესებდა, რა შეიძლება აშშ-მ გააკეთოს და ამ საკითხზე იყო ჩვენი მხრიდან პოზიციები გამოთქმული.

ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, ზევით, რომ ცხოვრობს მთაზე [ბიძინა ივანიშვილი] მაინც აბრალებს ამერიკას, თავისი ექსპერტების თუ ვიღაცების პირით, რომ ამერიკა რაღაც ხელს უშლის მას შვეიცარულ ბანკში რაღაც გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვაში, ნახატების გამოტანაში. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი: რატომ არ იზამთ მართლა?! რატომ არ შეუშლით ხელს?!" - თქვა ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების, საარჩევნო და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემების გამო. მისი თქმით, ყველა საკითხის შესახებ აქვთ სრული ინფორმაცია.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ პირველად გვყავს ხელისუფლება, რომლის დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ არის კრიტიკულად განსხვავებული ყველა სხვა ხელისუფლებასთან შედარებით. აქამდე ჩვენ არ გვყოლია არცერთი ხელისუფლება, რომელიც ფეხებზე დაიკიდებდა დასავლეთის კრიტიკას, ახლა გვყავს ხელისუფლება, რომელიც პუტინის რიტორიკას იმეორებს", - თქვა ჯაფარიძემ.

პარტია „დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შეხვედრაზე პირველ რიგში ილაპარაკეს ნიკა გვარამიას დაკავების საკითხზე, ასევე, უსაფრთხოების პრობლემებსა და სანქციების შესახებ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი აშშ-დან საქართველოში 2020 წლის შემდეგ არ ყოფილა.

„ეს ადამიანი არის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის პირადი მრჩეველი, რომელიც ფაქტობრივად უმზადებს ყველა საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს. მოდი, კითხვა დავსვათ, რისთვის ჩამოვიდა ეს ადამიანი? პირველი, უმნიშვნელოვანესი პროცესი მიდის რეგიონში და რა თქმა უნდა, საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. მეორე, იმის დასაფიქსირებლად, რომ ამერიკისთვის სულერთი არ არის ქართველი ხალხის ნება და სრული მხარდაჭერა აქვს პირველ რიგში ქართველ ხალხს; მესამე საკითხი - მათ აქვთ ძალიან სერიოზული, მძიმე განწყობები, რომ საქართველომ დაკარგა რეგიონში რეფორმების თვალსაზრისით, ლიდერის სტატუსი, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად მიდის უკან და არის უკვე კონკრეტული კითხვები „ქართული ოცნების“ არჩევანთან დაკავშირებით - საით მიაქანებს ქვეყანას. მთავარი კითხვა, რაც მათი მხრიდან იყო, რა უნდა გააკეთოს აშშ-მ იმისთვის, რომ საქართველო შემოტრიალდეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ვაშაძემ.

დღეს, 19 მაისს, დერეკ შოლე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შოლემ პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG