Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას


აშშ-ის და უკრაინის დროშები ვაშინგტონში, კონგრესის შენობის მახლობლად
აშშ-ის და უკრაინის დროშები ვაშინგტონში, კონგრესის შენობის მახლობლად

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც 19 მაისს, სენატმა დაამტკიცა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას, რომლებსაც ბრძოლის ველზე ეფექტურად იყენებენ.

პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, დამატებითი იარაღი და ტექნიკა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გაიგზავნება თავისუფლებისთვის საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას იცავს რუსეთის აგრესიისგან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანახმად, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მოცულობა 100 მილიონი დოლარია.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებამდე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ გაწეული სამხედრო დახმარება დაახლოებით 3.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

19 მაისს, სააგენტო Reuters-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თეთრი სახლი მუშაობს უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების, Harpoon-ის გადასაცემად. ექსპერტთა განმარტებით, უკრაინას ამ რაკეტებით შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ყველაზე დიდი რუსული გემები.

19 მაისს, ცნობილი გახდა ისიც, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გამოუყოფს კიდევ 1.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად". რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი.

XS
SM
MD
LG