Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა კალიურანდი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება: „ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?!"


მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტარი
მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროპის პარლამენტის რამდენიმე წევრის მიმართ.

„ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?! თუ ვინ ვარ? საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ. თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიღოთ ჩემი რჩევა სერიოზულად. ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება. ჩემი რჩევა იქნება, რომ უსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას ასევე სერიოზულად. საქართველო ძალიან რთულ პერიოდშია - ომი უკრაინაში, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება, ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია. ჩემი რჩევა მიემართება ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომ იყვნენ ერთად, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ეროვნული ინტერესები დააყენონ პირველ ადგილას. დაივიწყეთ პოლარიზაცია, თქვენ მუშაობთ მომავალზე. თქვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, - თქვა კალიურანდმა „TV პირველის“ ეთერში („TV პირველის“ თარგმანი).

ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა ევროპარლამენტის „ერთი პატარა რაღაც ჯგუფის" შესახებ. „ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დააზუსტა, რომ მხედველობაში ჰყავს 7-8 ევროპარლამენტარი.

"ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანია ამის ყურება", - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი "ანტიევროკავშირები" არიან.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ოთხი ტელეკომპანიის - „მთავარი არხის“, „ფორმულის“, „TV პირველისა“ და „კავკასიის“ ერთობლივ ეთერში ილაპარაკა ვიცე-პრემიერის და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების შესახებ, რომელმაც ასევე დაასახელა „უცხოელების პატარა ჯგუფი“.

„დიახ, ჩვენ არ ვართ დიდი რაოდენობა ევროპარლამენტარების წევრებისა, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ კარგად შერჩეული წევრები ვართ, ხუთი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვართ და ჩვენ დავძლიეთ ჩვენი პოლიტიკური უთანხმოებები და ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით", - თქვა მან.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში თქვა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებებით.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობს, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“. კულტურის მინისტრმა ეს "იმედის" ეთერში 18 მაისს განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG