Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელი ახალგაზრდა მოკლეს


ისრაელი ჯარისკაცები ჰებრონში, 2021 წელი;.
ისრაელი ჯარისკაცები ჰებრონში, 2021 წელი;.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის მიერ არის ოკუპირებული, ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან სროლის შედეგად, მოკლეს 17 წლის პალესტინელი, ავრცელებს ცნობას dpa-ი, რომელიც პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს იმოწმებს.

ინციდენტის დროს, რომელიც ჯენინის მახლობლად მოხდა, დაჭრეს ასევე 18 წლის ახალგაზრდა. ისრაელის არმიის თქმით, რამდენიმე პირმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანიდან, ქალაქ კაფრ ბანთან ღამის ოპერაციის დროს. მათ, ამავე ცნობით, ჯარისკაცების მიმართულებით ისროლეს ბოთლები აალებადი ნივთიერებით. ჯარისკაცებმა სროლით უპასუხეს. დადგენილია მოკლულის ვინაობა.

მარტის შემდეგ ისრაელში ძალადობის ტალღის პერიოდში სულ მცირე 18 ადამიანი იქნა მოკლული. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებმა მოკლეს ისრაელი გუშაგი და ჯარისკაცი. ზოგიერთი თავდამსხმელი ჯენინის მკვიდრად მიიჩნევა. ეს ქალაქი პალესტინელი მეამბოხეების საყრდენად ითვლება. უკვე რამდენიმე კვირაა, ისრაელის არმია რეიდებს აწყობს იქ და მდინარე იორდანეს სხვა არეალებში.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მარტის ბოლოდან მოკლულია 30-ზე მეტი პალესტინელი. ზოგიერთი მათგანი სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს, სხვები - მათი თავდასხმების ან არმიასთან შეტაკების დროს.

11 მარტს ჯენინში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს „ალ ჯაზირას“ ვეტერანი კორესპონდენტი, შირინ აბუ აღლე. პალესტინელები მის მოკვლაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ.

ისრაელის არმიის თანახმად, არ არის ცხადი, საიდან მოხდა სასიკვდილო გასროლა. მისი მოკვლის დროს, აბუ აღლე ჯენინში პალესტინელ მეამბოხეებთან შეტაკების შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა.

XS
SM
MD
LG