Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელო" 27 მაისს პარლამენტში იბარებს პრემიერ-მინისტრს


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

"ლელო", ინტერპელაციის წესით, 27 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, ღარიბაშვილი კონსტიტუციით ვალდებულია, მივიდეს პარლამენტში და კონკრეტულ შეკითხვებს პასუხები გასცეს.

"ჩვენ დაბარებული გვყავს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რამდენად არის დღეს საქართველო დაცული და უსაფრთხო, რომ ის არ გახდეს შავი ხვრელი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ის კონსტიტუციით ვალდებულია, მოვიდეს 27 მაისს და კონკრეტულ შეკითხვებს გასცეს კონკრეტული პასუხები", - თქვა ნაცვლიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები პარტიის წევრებს გაგზავნილი აქვთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, თუმცა ამ კითხვებზე პასუხებს თვეზე მეტია უშედეგოდ ელიან. ნაცვლიშვილი გულისხმობს პარლამენტარის კითხვის ფორმატს, რაც დეპუტატებს საშუალებას აძლევს, დაჩქარებული წესით მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო უწყებებიდან.

ანა ნაცვლიშვილს პარლამენტარის კითხვის ფორმატში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის გაგზავნილი აქვს შემდეგი კითხვები:

  • რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, ა.წ. 24 თებერვლის შემდეგ, რა ზომები გაატარა საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველო არ გადაიქცეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების გზად.
  • რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის და/ან იგეგმება სამომავლოდ, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული არხების შექმნა და სხვა.

XS
SM
MD
LG