Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტობუსში ცოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა. მებონიას ინტერესების დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოფს. ამასთან, როგორც დაცვის მხარე აღნიშნავს, ბრალდებული, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაქტებს ვერ იხსენებს და მისი ჯანმრთელობა გამოსაკვლევია.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი, შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები: ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ გაითვალისწინა, დანაშაულის ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, შემაკავებელი ფაქტორების არარსებობა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეების და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 21 მაისს დღის საათებში, სამარშრუტო ავტობუსში მყოფმა ბრალდებულმა, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მეუღლეს მოკვლის მიზნით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ს.კ. გარდაიცვალა".

სოფი კვარაცხელიას ქმარი როინ მებონია ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 14 ივლისს 12:00 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG