Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს 22 აპრილით დათარიღებულ წერილს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მისწერა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. როგორც სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, წერილი პროტოკოლურად ახლა გასაჯაროვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი დანიშვნის შემდეგ გამოგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის, ავღანეთში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

„ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ვკითხულობთ ენტონი ბლინკენის ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლებელი ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ პასუხი აგოს ომის დანაშაულებისთვის", - აღნიშნულია წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, აშშ-ს პატივი ერგო მხარი დაეჭირა საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და წარმატებული ევროატლანტიკური მომავლისთვის. თუმცა კვლავ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი დემოკრატიული ინსტიტუციების და პროცესების გასაძლიერებლად; ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

„ჩვენ განვაგრძობთ, საქართველოს ხალხთან დგომას ამ ძალისხმევაში", - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 4 აპრილს დანიშნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG