Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და მოლდოვის ცივილიზაციური არჩევანია


24 მაისი. დავოსი. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
24 მაისი. დავოსი. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვის მიერ წარდგენილი განაცხადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. მისი თქმით, საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებთ.

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრესრელიზის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოსა და მოლდოვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე" დაწერა: “ძალიან კარგი საუბარი შედგა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან. ევროკავშირში გაწევრიანება ორივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. ამ გზაზე აქტიურად გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ჩემს კოლეგას კვლავ დავუდასტურე საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”.

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

XS
SM
MD
LG