Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა არ გააგრძელა რუსეთის საგარეო ვალების მომსახურების ლიცენზია


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს ლიცენზია, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, საგარეო ვალებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება ახორციელოს. ამის შესახებ ლაპარაკია სამინისტროს საიტზე. ლიცენზია 25 მაისამდე იყო ძალაში.

ეს ნიშნავს, რომ პირველად ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთი, დიდი ალბათობით, დეფოლტში აღმოჩნდება საგარეო სახელმწიფო დავალიანების სფეროში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ლიცენზიის არ გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გააანალიზა ასეთი ნაბიჯის შესაძლო ეკონომიკური შედეგები. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ისინი მინიმალური იქნება. უფრო საგულისხმოა ამ ნაბიჯის სიმბოლური მნიშვნელობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაწესებული სანქციების ფარგლებში იქნა მიღებული.

18 მაისს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა საგარეო სახელმწიფო ვალების რუბლებში გადახდის დაწყებაზე, თუკი არ იქნება გაგრძელებული ლიცენზია, რომელიც ამის დოლარებში გაკეთების საშუალებას იძლევა. ადრე რუსეთი უკვე შეეცადა რუბლებში გადახდაზე გადასულიყო, მაგრამ რუსული ფასიანი ქაღალდების მქონეები არ დათანხმდნენ ამას.

Bloomberg-ის თანახმად, 25 მაისის შემდეგ 2022 წლის ბოლომდე რუსეთმა 2 მილიარდ დოლარამდე საგარეო სუვერენული ვალები უნდა გადაიხადოს. შემდეგი გადახდის ვადაა 23-24 ივნისი. თუკი მათი განხორციელება ვერ მოხერხდება, რუსეთში ფორმალური დეფოლტი შესაძლოა ივლისის ბოლოსთვის დადგეს.

მოსკოვი სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები კრძალავს ოპერაციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ბანკთან და ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან.

XS
SM
MD
LG