Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილსა და მის თარგმანს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხები ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებული დამოუკიდებლობის სულისკვეთებითა და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.

"საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე.

შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის მისალოც წერილში.

ჯო ბაიდენი ასევე აღნიშნავს საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების საქმეში, მათ შორის ავღანეთში "საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში".

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG