Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ აპირებს რუსეთს სანქციები მოუხსნას უკრაინის პორტებისთვის ბლოკადის გაუქმების სანაცვლოდ


აშშ არ აპირებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციები მოუხსნას მისი ფუჭი დაპირებების გამო, რომლებიც ადრეც არაერთხელ ყოფილა. ამის შესახებ ვაშინგტონში, 25 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

25 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის ექსპორტისთვის „ჰუმანიტარული დერეფნების“ გახსნის წინაპირობად დაასახელა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება.

ნედ პრაისის თანახმად, რუსეთი ცდილობს სურსათი და ენერგომატარებლები იარაღად გამოიყენოს მსოფლიოს დასამორჩილებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული არცერთი სანქცია არ შეხებია სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რადგან მას რუსეთისგან განსხვავებით, იარაღად არ იყენებს, დანარჩენი სანქციები კი ძალაში დარჩება, სანამ პუტინი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს. ნედ პრაისის განცხადებით, მსოფლიოში სურსათის და ნედლეულის გაძვირების პრობლემის ყველაზე სწრაფად მოგვარების გზაა რუსეთის მიერ ომის და უკრაინის პორტების ბლოკადის და ხორბლის საცავებზე თავდასხმების შეწყვეტა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას უწოდა საერთაშორისო შანტაჟის საუკეთესო მაგალითი. დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას კულებამ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, შანტაჟს არ აყვეს და პირიქით, მთლიანად აკრძალოს რუსეთიდან ექსპორტი.

რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს უკრაინის პორტები, საიდანაც ხორბლის და სხვა პროდუქციის ექსპორტირება ხდებოდა. რუსეთის არმიის თავდასხმამდე უკრაინა იყო მსოფლიოში ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი.

გაეროს მონაცემებით, 2022 წლის მაისის დასაწყისისთვის უკრაინის პორტებში დაბლოკილი იყო 4.5 მილიონი ტონა ხორბალი. უკრაინიდან ექსპორტის შეწყვეტა განსაკუთრებით მძიმედ აისახება მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებზე. გაერო უშედეგოდ ცდილობს უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის უზრუნველსაყოფად შეთანხმების მიღწევას.

XS
SM
MD
LG