Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის როსტოვის სასამართლომ რუს სამხედროს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა


სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლო დონის როსტოვში
სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლო დონის როსტოვში

ქალაქ დონის როსტოვში მდებარე სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ ღალატსა და ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო უფროსი ლეიტენანტი რუსლან არტიკოვი. გამომძიებლების თანახმად, არტიკოვი რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ მონაცემებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დავალებით აგროვებდა.

რუსულენოვან საიტ "კავკაზ. რეალიის" ცნობით, არტიკოვი კონტრაქტით მსახურობდა როსტოვში დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის 175-ე ბრიგადაში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის(FSB) თანამშრომლებმა იგი დააკავეს 2019 წლის ნოემბერში. გამოძიების პერიოდში ეჭვმიტანილი სამხედრო ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

საქმეში არსებული საიდუმლო მონაცემების გამო, ღალატის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. საქმის პროკურორმა მოითხოვა არტიკოვის 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყანაში შეგროვებულმა და გადაცემულმა მონაცემებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსეთის თავდაცვისუნარიანობას.

საბოლოო ჯამში, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა და ოფიცერ არტიკოვს მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, "უფროსი ლეიტენანტის" წოდების ჩამორთმევით. განაჩენი ძალაში ჯერ არ შესულა და მისი გასაჩივრება შესაძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG