Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აგრესია მხოლოდ ძალით შეიძლება შეჩერდეს


ლიზ ტრასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლიზ ტრასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი სახიფათოდ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "დაშოშმინების" მცდელობებს. მისი აზრით, დაუშვებლია იმ მიზნიდან გადახვევა, რომელიც იძლევა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხების გარანტიას.

"არ შეიძლება რუსეთის აგრესიის დაშოშმინება. მას პასუხი ძალით უნდა გაეცეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ურყევი, რათა სამხედრო დახმარებითა და სანქციებით უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება. ახლა ჩვენ უკვე ვეღარ შევძლებთ გაზის პედალიდან ფეხის აღებას", - მოჰყავს "ბიბისის" ლიზ ტრასის სიტყვები.

ეს განცხადება გაკეთდა იმ დისკუსიის ფონზე, რომელმაც ბოლო ხანს დასავლურ მედიასა და საექსპერტო საზოგადოებაში იჩინა თავი უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, დავოსის ფორუმზე და რიგი მედიის პუბლიკაციებში, გაკეთდა მინიშნება უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის დათმობის შესახებ იმ მიზნით, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. კიევის მხრიდან დათმობების შესაძლებლობაზე ბოლო დღეებში განაცხადა ზოგიერთმა გავლენიანმა მოქმედმა და გადამდგარმა პოლიტიკოსმა - კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-iს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა.

2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში და ჰარვარდის პროფესორმა ერიკ მასკინმა ესპანურ გამოცემა La Vanguardia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის, ზელენსკის ადგილას, "დათმობებზე წავიდოდა, რათა ომი სწრაფად დასრულდეს, თანაც ისე, რომ უკრაინის უმეტესობა არ განადგურდეს." დათმობაში მასკინი გულისხმობს "უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთისთვის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის მინიჭებას და იმის აღიარებას, რომ რუსეთი ყირიმს ფლობს."

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დასავლეთის მოწოდებებს ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ „ძალიან უცნაური“ უწოდა.

„ზავი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ამასთან კიევი არ დასთანხმდება მოსკოვისთვის არცერთი ტერიტორიის დათმობას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Reuters-თან ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG