Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სააკაშვილზე: გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა


არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
არქივის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

პენიტენციური სამსახური ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ბრალდებულმა "გონება დაკარგა".

როგორც უწყება განმარტავს, სააკაშვილმა მორიგე ექიმს აცნობა ამის შესახებ, რის შემდეგაც ჩაუტარდა გამოკვლევები, შედეგად კი გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე, არ გამოვლენილა.

"სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე მ. სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -"დაკარგა გონება".

სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები - ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ - მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა. ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა, როგორც დამაკმაყოფილებელი", - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს თქვა, რომ "ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება [სააკაშვილის საზღვარგარეთ] გადაყვანის და ა.შ საფუძველი."

XS
SM
MD
LG