საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიციის ნაწილმა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", პარტია "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც წარადგინეს "7 ნაბიჯის ნუსხა". დეპუტატების თქმით, ეს სია აერთიანებს იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მომდევნო 3 კვირის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
"მსგავსი უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ ათწლეულები გადავადდება. სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად და ძირეული რეფორმების განსახორციელებლად", - ასეთია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა პოზიცია. მათ მიერ შემუშავებული აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯების სია ასეთია:
- ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
- საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით;
- შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე - დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში;
- მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
- "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება.