Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოიძე: თქვენი გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, ე.ი. ომი გინდათ, ხო?!


ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარე
ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა, რა გააკეთა ქვეყნის მთავრობამ უკრაინაში ომისთვის რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის გამოსარიცხად. მანვე ახსნა, რომ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები უზრუნველყოფს "სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას".

"გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, ე.ი. ომი გინდათ, ხო?! ასე გამოდის, ნამდვილად. მე მგონი, აცდენაა თქვენსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის", - მიმართა საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილს და შეახსენა, რომ ყველას, ვინც საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე საუბრობს, "გვნათლავენ, რომ ჩვენს სამშობლოში გვინდა ომი".

ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოთვალა ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების მოქმედებები, რომლებიც, მისი სიტყვებით, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.

"პრობლემა, რომელიც VTB ბანკთან დაკავშირებით შეიქმნა, მაღალ დონეზე იქნა მართული. მოგეხსენებათ, ეს ბანკი იყო სანქცირებული და ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ ისე, რომ არცერთი კითხვა არ დარჩენია ჩვენს არცერთ პარტნიორს".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება საბაჟო კონტროლი. პროდუქტის შეტანა-გატანა 20 საბაჟო პუნქტის გავლით ხდება და საქონელი ათასზე მეტი მებაჟე-ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, საბაჟო პუნქტ "ყაზბეგში" გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში, "რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა".

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მარეგულირებელი პროცედურები საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დაზღვეულ იქნას რისკები, რაც სანქციებს და სანქცირებულ პროდუქციას უკავშირდება.

მან ჩამოთვალა სხვა უწყებების საქმიანობის სფეროებში არსებული რეგულაციები.

ამ ჩამონათვალზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილს პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა:

"თქვენი გამოსვლიდან ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო მიერთებული ყოფილა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ის, რასაც კატეგორიულად უარყოფდით თქვენ პირადად და თქვენი მთავრობაც, არ იყო მართალი?" - იკითხა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო აქამდეც და მასზე მთელი ხელისუფლება ორი თვის განმავლობაში საუბრობდა და ხსნიდა.

„პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი სწორი მოტივით - ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებზე პასუხების გასაცემად შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. ესენი არიან: დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დილარ ხაბულიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG