Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Meta-ს კრიზისი აქვს?


მარკ ზაკერბერგმა "ფეისბუკს" სახელი შარშან ოქტომბერში გადაარქვა.
მარკ ზაკერბერგმა "ფეისბუკს" სახელი შარშან ოქტომბერში გადაარქვა.

Meta-მ მეტავერსის ერთპიროვნულად შექმნა გადაიფიქრა: „ის იქნება ყველასი, როგორც დღეს ინტერნეტი”. შეიძლება იმიტომ, რომ კომპანიას ფული მოაკლდა?

ეკრანები საჭირო აღარ იქნება. იმ ყველაფერს, რასაც დღეს კომპიუტერში ან ტელეფონში აკეთებთ, მალე გააკეთებთ ვირტუალურ სივრცეში, რომელიც მილიონობით ადამიანს გააერთიანებს.

სწორედ ესაა ე.წ. მეტავერსის კონცეფცია, რომელიც ფეისბუკის შემქმნელმა, მარკ ზაკერბერგმა ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა. მაშინვე, მან სახელი გადაარქვა თავის კომპანიას და უწოდა “Meta”.

მაშინ ბევრს ეგონა, რომ ზაკერბერგი მეტავერსს თავად შექმნიდა და თავადვე გააკონტროლებდა. მით უმეტეს, რომ უკვე ჰქონდა ვირტუალური სამუშაო სივრცის პროექტი, და საკუთარი წარმოების სათვალე ვირტუალური რეალობისთვის. თანაც, ფეისბუკმა წარსულში უკვე იყიდა და შეიერთა არაერთი კონკურენტი. მაგალითად, ინსტაგრამი და ვათსაპი.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ, Meta-ს საგარეო საქმეთა პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა ვრცელი ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა:

„მეტავერსი არ არის ცალკე აღებული პროდუქი, ან ოპერაციული სისტემა… მეტას მიერ კონტროლირებადი მეტავერსი უბრალოდ არ იარსებებს, ისევე, როგორც არ არსებობს “მაიკროსოფტის ინტერნეტი”, ან “გუგლის ინტერნეტი”. ინტერნეტი დღეს არავის საკუთრება არაა, არც მეტავერსი იქნება”.

გადაიფიქრეს?

ეს ახლა მხოლოდ მარკ ზაკერბერგმა იცის. მაგრამ ფაქტია, იგი თავადაც ამბობდა, რომ იდეის განხორციელებას სჭირდება ძალიან დიდი ფული, Meta კი ბოლო თვეებში ფულს კარგავს.

კომპანიის შვილობილმა, Reality Lab-მა, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეებსა და აპლიკაციებს ქმნის, შარშან 10 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა. ამ წლის პირველ მეოთხედში - 3 მილიარდამდე.

ამასთანავე, Meta, სხვა სოციალური ქსელების მსგავსად, რეკლამისგან მიღებულ შემოსავალს კარგავს და ამას უკრაინაში მიმდინარე ომით ხსნის - ბევრი კომპანია ახლა თავს იკავებს ციფრულ მარკეტინგში ფულის ჩადებისგან.

მაგრამ მეტას საბაზრო ფასი 240 მილიარდი დოლარით ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შემცირდა. რატომ? გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ ამაზე ზეგავლენა მოახდინა: ტიკ-ტოკმა, ცვლილებებმა აიფონების ახალ ოპერაციულ სისტემაში და ისტორიაში პირველად ფეისბუკის მომხმარებლების შემცირებამ.

პირველი და მესამე მიზეზი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ტიკ-ტოკი იზიდავს ახალგაზრდა აუდიტორიას, რომელიც უკვე ნაკლებად იყენებს ფეისბუკს. ამაზე კომპანიის შიდა კვლევებიც მიუთითებს. მაგალითად, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ერთი მეოთხედით შემცირდა არასრულწლოვანი ახალი მომხმარებლების რაოდენობა.

წლის დასაწყისში კი ფეისბუკის ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობამ ისტორიაში პირველად შეწყვიტა ზრდა. იგი 0.04 მილიარდით შემცირდა.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, iOS 14.5-ში ახალი ფუნქცია გაჩნდა. ამ ფუნქციის წყალობით, ტელეფონის მფლობელს შეუძლია უარი უთხრას აპლიკაციებს მის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებაზე. მათ შორის სწორედ ამ ინფორმაციის ხარჯზე „ამიზნებს” ფეისბუკი საკუთარ რეკლამებს.

მომხმარებლების მონაცემებს რომ არაკეთილსინდისიერად იყენებენ, ამაში ფეისბუკს და ინსტაგრამს დიდი ხანია ადანაშაულებენ. უკანასკნელად შარშან შემოდგომაზე, როდესაც 17-მა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ფეისბუკის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰაუგენის მასალები.

ჰაუგენმა განაცხადა, რომ ფეისბუკში იციან, როგორ აზიანებს მოზარდების ფსიქიკას სოციალურ ქსელებზე და განსაკუთრებით Instagram-ზე დამოკიდებულება. კომპანიამ იცის ზიანის მასშტაბი, მაგრამ მის შემცირებაზე არ მუშაობს. პირიქით, იმას ცდილობს, რომ მოზარდები უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ სოციალურ ქსელებზე.

ახალი პოლიტიკა

მაისის ბოლოს მეტამ გამოაცხადა, რომ მომხმარებლებს უფრო მეტი კონტროლი ექნებათ იმაზე, ვინ და როგორ გამოიყენებს მათ ინფორმაციას. ამასთანავე, მან გადაწერა საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, იმისთვის, რომ „უფრო გასაგები იყოს, როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას”.

ამასთანავე, ფეისბუკს ახალი პარამეტრი დაემატა. ადრე, თუ არ დააკონკრეტებდით, ვინ ნახავს თქვენს პოსტებს, ისინი საჯაროდ იპოსტებოდა. ახლა კი „ხელით” შეგიძლიათ დააყენოთ თქვენთვის სასურველი აუდიტორია.

სტეფანი ჰეირი, ტექნოლოგიური ეთიკის მკვლევარი, BBC-ს ეუბნება, რომ Meta-ს ცვლილებები კოსმეტიკურია და მათი მთავარი მიზანი რეპუტაციის გამოსწორებაა, რადგან მომხმარებლები, როგორც წესი, არ კითხულობენ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ამიტომაც ფეისბუკი ახლა ცდილობს, მოიგოს ევროპელი და ამერიკელი მარეგულირებლების გული, რომლებიც პრეტენზიებს პირადი მონაცემების გამოყენების გამო უყენებენ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG