Accessibility links

site logo site logo

ISW: რუსეთის შეტევა შესაძლოა სევერედონეცკთან შეჩერდეს


სევეროდონეცკი

ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა(ISW) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკისთვის მიმდინარე ოპერაციით შესაძლოა, დასრულდეს რუსეთის იერიში. ექსპერტების შეფასებით, ეს ბრძოლა მიაღწევს კულმინაციას ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე, რაც მისცემს შანსს უკრაინას, რომ განაახლოს კონტრშეტევა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდება საშუალებას მისცემს რუსეთს განაცხადოს, რომ მან მთლიანად იგდო ხელთ ლუგანსკის რეგიონი (რუსეთი მას დამოუკიდებელ "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკად" მიიჩნევს), მაგრამ არ მისცემს სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ან ეკონომიკურ სარგებელს. რუსული ძალები ახლა ქალაქს ანადგურებენ და თუ აიღებენ, ისინი მხოლოდ ნანგრევებს გააკონტროლებენ.

ანგარიშში ასევე საუბარია სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მხრივ რუსეთის არმიის წინაშე მდგარ პრობლემაზე. თუ რუსული ჯარები მეორეხარისხოვან მიმართულებებზე ბრძოლის ჟინს დაკარგავენ, უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს სერიოზული კონტრშეტევის დაწყების შანსი წარმატების კარგი პერსპექტივით, - მიიჩნევენ ანგარიში ავტორები, რომლებსაც მხედველობაში აქვთ სავარაუდო კონტრშეტევა ხერსონის რეგიონზე.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა წუხელ განაცხადა, რომ ქალაქი სევეროდონეცკი, რომლისთვისაც ბოლო დღეებში ყველაზე ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს, მთლიანად მოექცა რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ. ამის შესახებ მას ჩეჩნეთის რაზმის მეთაურმა განუცხადა, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობს. მაგრამ კადიროვს არ წარმოუდგენია ქალაქზე რუსეთის კონტროლის დამადასტურებელი რაიმე ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება. ლუგანსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ ქალაქს, რომლის მისადგომებთან კვლავ მიმდინარეობს ბრძოლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG