Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ყოფილ რუს სამხედროს და მის ცოლს მიიჩნევს ეჭვმიტანილებად ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაში


2014 წლის დეკემბერი, ვრბეტიცეში განადგურებული სამხედრო საწყობი
2014 წლის დეკემბერი, ვრბეტიცეში განადგურებული სამხედრო საწყობი

ჩეხეთის პოლიცია საბერძნეთში მცხოვრებ, ჩეხეთის მოქალაქეობის მქონე ყოფილ რუს სამხედრო მოსამსახურეს, ნიკოლაი შაპოშნიკოვსა და მის მეუღლეს, ელენას მიიჩნევს ეჭვმიტანილებად სოფელ ვრბეტიცეში, სამხედრო საწყობის აფეთქებასთან დაკავშირებულ ჯაშუშურ საქმიანობაში. ამის შესახებ ჩეხური გამოცემები Respekt-ი და Radiožurnál-ი იუწყებიან გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

2014 წლის 16 ოქტომბერს ვრბეტიცეში მდებარე სამხედრო მასალების №16-ე სამხედრო საწყობში, რომელიც იარაღის კომპანია Imex Group-ს ეკუთვნოდა, აფეთქება მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. თვენახევრის შემდეგ აფეთქების შედეგად კიდევ ერთი იარაღის საწყობი განადგურდა. ამ აფეთქებების ორგანიზებაში ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

შაპოშნიკოვსა და მის ცოლს ელექტრონული ფოსტით მიმოწერა ჰქონდათ გენერალ-მაიორ ანდრეი ავერიანოვთან, რომელიც, როგორც პრაღაში ამტკიცებენ, ვრბეტიცეში რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2014 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ჩეხეთის პოლიციის ვერსიით, შაპოშნიკოვი და მისი ცოლი ლისაბონში შეხვდნენ რუს გენერალ-მაიორს, რასაც ჩეხეთში მცხოვრები ყოფილი რუსი სამხედრო მოსამსახურის ქალიშვილიც ადასტურებს.

"ჩვენ კაფეში შევხვდით. როგორც ტურისტები პორტუგალიის სილამაზით ვტკბებოდით. ჩვეულებრივი მოგზაურობა იყო. ის კი უბრალოდ შემოგვიერთდა", - უამბო ჟურნალისტებს შაპოშნიკოვის ქალიშვილმა.

ის ამტკიცებს, რომ პორტუგალიაში შეხვედრის დროს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ "ანდრეი" რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს(ГРУ) აგენტი იყო.

ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქებების გამოძიების დასაწყისიდანვე ითვლებოდა, რომ ГРУ-ს შეეძლო "საკუთარი პიროვნება" ჰყოლოდა ჩეხეთში. პოლიცია დაინტერესდა შაპოშნიკოვით, რომელიც ოსტრავაში კომპანია Imex Group-ში მუშაობდა. სწორედ ეს ფირმაა აფეთქებული საწყობების მოიჯარე.

ნიკოლაი შაპოშნიკოვის ადვოკატმა რადეკ ონდრუშმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცის მისი კლიენტის კონტაქტების შესახებ, ხოლო თავად შაპოშნიკოვი უარყოფს რაიმე კავშირს გენერალ ავერიანოვთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG