Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალტერნატიული კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში" მოინახულეს


ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი
ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა, ალტერნატიული კონსილიუმის წევრებთან ერთად, კლინიკა „ვივამედში" მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, ექსპრეზიდენტს სიმპტომურად მკურნალობენ.

„რაც ახლა მიმდინარეობს და რაც მიმდინარეობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, გახლავთ სიმპტომური მკურნალობა და არსებობს პათოგნომური მკურნალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვუმკურნალოთ დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავის დროზე არ დასვა სწორად დიაგნოზი და ადამიანს არ უმკურნალა. ჩვენი დიაგნოზი იყო დეკემბერში და დიაგნოზი არ შეცვლილა, თუ არ დაემატა.

ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ მკურნალობა და დიაგნოსტიკა იყო არასწორი. მაგალითად, დეკემბერში გაცემულ რეკომენდაციაზე, ჩატარებულიყო თავის ტვინის MRT-კვლევა, ჩატარდა მაისში. ეს ადეკვატურად გესახებათ? ნეირომიოგრაფია, რომელზეც დეკემბერში იყო გაცემული რეკომენდაცია, ჩატარდა მარტში. თქვენ თუ გესახებათ ადეკვატურ კვლევებად, არ ვიცი, მაგრამ მედიცინაში ადეკვატურად არ ითვლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანის აზრით, მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად საჭიროებს საზღვარგარეთ მულტიპროფილურ ცენტრში გადაყვანას.

„რაც შეეხება ამ კლინიკაში მკურნალობას, მე, მაგალითად, არ მესახება ადეკვატურად, ვინაიდან ამ კლინიკაში პატიმარი იმყოფება დღეების განმავლობაში და მკურნალობა კვლავ სიმპტომურია. ფაქტია ერთი და რეალობაა, რომ შედეგი არ არის.

ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და ვნახოთ, როგორ შევჯერდებით ექსპერტები. არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და ვფიქრობ, იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რომ მოხდეს სწორი მკურნალობა. ეს ეხება კვებით-აღდგენით თერაპიას, რაც, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა საქართველოში და იმედი იმისა, რომ ამიერიდან განხორციელდება, არის ძალიან მცირე და ასევე ეხება ნევროლოგიას, რომელიც, სამწუხაროდ, პროგრესირებს“, - თქვა ჯიშკარიანმა.

ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ „ვივამედში" საკმარისი დრო ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ. მისი შეფასებით, „შედეგი არის მინიმალური, პრაქტიკულად არ არის. მდგომარეობა გაუარესებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მისი განკურნება შეუძლებელია. ყველაზე მეტად ვისაც უნდა ჰქონდეს პრაქტიკა, ეს ვარ მე, მაგრამ მე არ მაქვს და არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ მე არ შემიძლია გავუმკლავდე ამ პაციენტთან დახვავებულ მთელ რიგ პრობლემებს".

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

XS
SM
MD
LG