Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ცხინვალიდან წასული კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო: ხარკოვის ოლქში განადგურებული რუსეთის არმიის ტანკი
საილუსტრაციო ფოტო: ხარკოვის ოლქში განადგურებული რუსეთის არმიის ტანკი

უკრაინაში, ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი, იტყობინება ტელეგრამის არხში სააგენტო „რეს“-ი სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით.

“სროლისგან თავის არიდებისას, ოსეთიდან წასული მებრძოლები ავტოავარიაში მოყვნენ. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ორი დაიღუპა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში სულ დაღუპულია 12 მებრძოლი (მოხალისეები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები). მანამდე საომარ მოქმედებებს ემსხვერპლნენ აცამაზ ჯიოევი, აცამაზ ბესტაევი, როლანდ ცხოვრებოვი, ალან გაბაევი, ალან თედეევი, ალიმ ხოლოვი, ინალ კორტიევი, ანდერი ბაკაევი, რუსლან ბესაევი და რუსლან კაზიევი.

ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული სამხედროების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა.

მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG