Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ნევზოროვს და მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს


ალექსანდრ ნევზოროვი
ალექსანდრ ნევზოროვი

ცნობილმა ტელეჟურნალისტმა და კრემლის კრიტიკოსმა ალექსანდრ ნევზოროვმა და მისმა მეუღლემ, ლიდიამ, უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. ამის შესახებ ცნობას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო telegram-ის არხის საშუალებით ავრცელებს.

როგორც გერაშჩენკო აღნიშნავს, ნევზოროვს და მის მეუღლეს მოქალაქეობა "ქვეყნის წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის" მიენიჭათ. „მადლობა, ალექსანდრ და ლიდია, თქვენი გამბედაობისა და პატიოსნების, ომის შეჩერების გულწრფელი სურვილისა და რეალური სიტუაციის ჭეშმარიტი შეფასებისთვის", - წერს გერაშჩენკო.

თავად ნევზოროვმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს - "ნაწამებ, სასოწარკვეთილ და გასისხლიანებულ ადამიანებს, რომლებმაც მათ შორის ადგილის დაკავების უფლება მომცეს", - დაწერა ტელეგრამის არხში ნევზოროვმა.

უკრაინული კანონები, ზოგადად, კრძალავს უკრაინის მოქალაქეობას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პარალელურად.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ალექსანდრ ნევზოროვი ხშირად ძალიან მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა.

მოსკოვის ბასმანის ოლქის სასამართლომ 6 მაისს გასცა ბრძანება, რომ ნევზოროვი, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ორი თვით დააკავონ. ნევზოროვი, რომელიც, როგორც იუწყებიან, ამჟამად ისრაელშია, უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

ალესანდრ ნევზოროვის სახელი 4 მაისს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში შეიტანეს. სამინისტროს თანახმად, ყოფილი დეპუტატი ეჭვმიტანილია "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში".

XS
SM
MD
LG