Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მეცნიერება არ იმართება სპეცსამსახურის მეთოდებით" - ეროვნულ მუზეუმთან აქცია გაიმართა


საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული მუზეუმიდან და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა ინსტიტუციებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, მეცნიერები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, რომელთაგან ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა. აქციის წევრები ასევე ითხოვენ არქეოლოგებისთვის ველზე მუშაობის ნებართვების გაცემას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან და ინფორმაციას მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. მოთხოვნებს შორისაა მუზეუმის ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის ზრდა 100%-ით და სამეცნიერო დამოუკიდებლობა.

„ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და ვიწყებთ კოლექტიურ დავას ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან, რომელიც ხელოვნების, მეცნიერების წინააღმდეგ წავიდა. თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, წავალთ გაფიცვაზე. ახლა უკან დახევის დრო არ არის. ყველა, ვინც უკან გადადგამს ნაბიჯს, იქნება იმ მხარეს, უსამართლობის მხარეს. მეცნიერება არ იმართება სპეცსამსახურის მეთოდებით”, – განაცხადა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ წიქარიძემ.

ეროვნული მუზეუმიდან 24 მაისს 21 მეცნიერ-თანამშრომელი გაათავისუფლეს - მათ სამუშაო ხელშეკრულებები 1 ივნისს გაუუქმდათ. ეროვნული მუზეუმიდან ასევე გაათავისუფლეს კონსულტანტების სტატუსით გაფორმებული ასაკოვანი მეცნიერები, რომელთა ხელფასი 160 ლარს შეადგენდა. გათავისუფლების ბრძანებებს ხელს გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი აწერს, რომელსაც ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნასა და განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. გათავისუფლებული მეცნიერების უმეტესობა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირებშია გაწევრიანებული, რომელიც ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიქმნა.

ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათვისუფლებას წინ უძღოდა გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა, მუზეუმის მართვის დირექტორატისთვის გადაბარება და ახალი სამეცნიერო საბჭოს არჩევა. კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტებულმა დირექტორატმა 2022 წლის თებერვალში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო გრანტების შეჩერება მოსთხოვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომელსაც სამწლიანი კვლევები დასაფინანსებლად კონკურსის წესით ჰქონდა შერჩეული. ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მეცნიერებმა არ იციან, მიეცემათ თუ არა საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელების საშუალება - ფონდებში მუშაობისა და ველზე ექსპედიციებისთვის მათ ნებართვა სამინისტროსგან უნდა მიიღონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG