Accessibility links

site logo site logo

საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდის შესახებ მეორე განცხადებას აქვეყნებს


თელავი. ერეკლე მეორის ძეგლი.

სვეტიცხოვლის ტაძარში 4 ივნისს დაგეგმილი ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს.

მრევლს, რომელიც სვეტიცხოველში მისვლას გეგმავს, საპატრიარქო მიმართავს, რომ რაც არ უნდა პროვოკაციულად მოეჩვენოთ სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გაცდეს ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია. შედეგად, ხშირად ასეთი გამონათქვამები საზოგადოებაში პროვოკაციად და დაპირისპირების საგნადაც ქცეულა.

ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც მოვისმინეთ, ასეთივე პროვოკაციაა.

გვინდა, მივმართოთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს, ლოცვით განწყობას და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქომ ერეკლე მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გამართვა 1 ივნისს დააანონსა. ბოლო დღეებში ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის ფონია ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე - გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის; თელავში კი ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG