Accessibility links

site logo site logo

თელავის მერიას ყოფილმა საჯარო მოხელეებმა სასამართლო პროცესები მოუგეს


თელავის მერიას ორმა ყოფილმა თანამშრომელმა სამართლებრივი გზით დაუმტკიცა, რომ 2018 წელს ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერია ვალდებულია, 4 წლის წინ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები სამსახურში აღადგინოს და განაცდური ხელფასი აუნაზღაუროს, რაც ორივე შემთხვევაში დაახლოებით 60 ათასი ლარია.

ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებმაც სასამართლო პროცესები მოიგეს, თელავის მერიიდან 2018 წლის იანვარში რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. ეს ის დროა, როდესაც თელავმა, როგორც თვითმმართველმა ქალაქმა, სტატუსი დაკარგა და თვითმმართველი თემი და ქალაქი თელავი გაერთიანდა. ამ დროს გამოცხადდა რეორგანიზაცია და გაერთიანდა სამსახურები.

რეორგანიზაციის დროს მერიიდან სულ 50-მა თანამშრომელმა მიიღო შეტყობინება, რომ მათ ეძლეოდათ 3 თვის კომპენსაცია და გადადიოდნენ მოხელეთა რეზერვში, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ მერიამ, ფაქტობრივად, ამ ადამიანებთან შრომითი ურთიერთობა მაშინვე შეწყვიტა.

მათ, ვინც პროცესები მოიგეს, ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ ისურვეს. სამსახურიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს სასამართლოს სამივე ინსტანციაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა". საია-ს კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც მერიამ 50-მდე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა, მალევე უწყებამ მათ ადგილებზე ახალი კადრები დაასაქმა.

"იმ პერიოდში თელავის მერიამ 50 ადამიანი გაუშვა სამსახურიდან და მალევე, 43 პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსია. არცერთ პირს არ განუმარტეს არც მაშინ და არც სასამართლო პროცესებზე, თუკი ახალ ვაკანსიებს აცხადებდნენ, მაშინ რატომ გახდა მათი გათავისუფლება აუცილებელი, ან რატომ არ მოხდა მობილობის პროცესით იგივე პირების დასაქმება. 4 წელი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები. გათავისუფლებული თანამშრომლების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა", - თქვა მგალობლიშვილმა.

თელავის მერიის ყოფილმა საჯარო მოხელეებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, პროცესები მოიგეს წინა ორ ინსტანციაშიც, თუმცა გადაწყვეტილებებს თავად მერია ასაჩივრებდა. ნიშანდობლივია, რომ თელავის მერიაში 2018 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის დროს, მერი იყო შოთა ნარეკლიშვილი. ახლა ამ თანამდებობას იკავებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერი ლევან ანდრიაშვილი. ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG