Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა თოთხმეტი მედალი მოიპოვეს თბილისის გრან სლემზე


ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - თბილისის გრან სლემი - საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ყველაზე ბოლოს მამაკაცთა უმძიმესი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ავიდა.

სამდღიანი შეჯიბრების დასკვნით დღეს, 5 ივნისს, სულ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. აქედან სამი მამაკაცებში და სამივე წონაში ოქროს მედლებს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ. 90 კილოგრამში ყველას აჯობა ბექა ღვინიაშვილმა, ხოლო 100-ში სულაც ქართული ფინალი შედგა და ონისე სანებლიძემ გიორგი ბერიაშვილს სძლია.

საქართველოს ნაკრებმა სულ გრან სლემზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილის, სანებლიძისა და ზაალიშვილის მსგავსად, შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ), გიორგი ტერაშვილმა (73კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის ტატამზე სულ ოცდაცხრამეტი სპორტსმენით გავიდა და მათგან თოთხმეტმა შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG