Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ზაპოროჟიეში მოინახულა სამხედროები და იძულებით გადაადგილებული პირები


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში. 5 ივნისი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში. 5 ივნისი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონში, ზაპოროჟიეში სამხედროები მოინახულა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისთვის და გაღებული მსხვერპლისთვის, იუწყება პრეზიდენტის ოფისი 5 ივნისს.

გავრცელებულ განცხადებაში მოტანილია ზელენსკის სიტყვები, რომლითაც იგი სამხედროებს მადლობას ეუბნება "თქვენი დიდი საქმის, თქვენი სამსახურის, ყველა ჩვენგანის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის". ზელენსკიმ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

სამხედროთა მონახულების შემდეგ, ზელენსკი რეგიონში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა და გაესაუბრა პირებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს თავიანთი სახლ-კარი, იუწყება პრეზიდენტის ოფისი. ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირისთვის მოიძებნება საცხოვრებელი.

რეგიონულმა ოფისმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ რუსეთის სამხედროებს ოკუპირებული აქვთ ზაპოროჟიეს ტერიტორიის თითქმის 60 პროცენტი, ბრძოლის გამო კონტაქტს მოწყვეტილია რეგიონის 77 თემი.

მანამდე, 5 ივნისს, კიევში აფეთქებები მოხდა, იმ ფონზე, როცა უკრაინის არმია რუსეთის ძალებს ებრძოდა აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკში, იუწყებიან უკრაინის ოფიციალური პირები. მსხვერპლი არ არის - წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამით. ეს პირველი მასშტაბური საჰაერო დარტყმა იყო კიევზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა არეალიდან თავისი ძალები გაიყვანა და კონცენტრირდა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG