Accessibility links

site logo site logo

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობაში ქარხანა "აზოვსტალიდან" ევაკუირებული 2500-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება "აზოვსტალის" დამცველი ორ-ნახევარ ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი გათავისუფლების საკითხებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოა დაკავებული.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული მხარისთვის წამგებიანია "აზოვსტალის" უკრაინელი მებრძოლების წამება, რადგან ისინი "საჯარო პატიმრებს" წარმოადგენენ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები უკრაინელის სამხედროების მომავალი ბედის შესახებ, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათი მხრიდან პიარის მცდელობაა.

„აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო - ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით გადაიყვანეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

უკრაინის მხარე აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. ამას ეწინააღმდეგებიან რუსეთის დუმაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო, პრორუსული ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები უნდა გასამართლდნენ.

"აზოვსტალის" დამცველთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების, მესაზღვრეების, პოლიციელებისა და მოხალისეების გარდა, არიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს უზენაეს სასამართლოს მიმართა, "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

7 ივნისს რუსეთმა უკრაინას გადასცა ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაღუპული ათეულობით უკრაინელი მებრძოლის ცხედარი. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება. მანამდე გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა და უკრაინამ პირველად გაცვალეს დაღუპული მეომრები და თითოეულმა მხარემ მეორეს 160 ცხედარი გადასცა.

პოლკ „აზოვის“ პრესმდივანმა ანა გოლოვკომ Associated Press-ს დაუდასტურა, რომ მათ შორის იყო „აზოვსტალის“ დამცველი პოლკის, "აზოვის" სულ მცირე 52 დაღუპული მებრძოლიც. ისინი გადაასვენეს კიევში, სადაც იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG