Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: EPP "ნაცმოძრაობაზე" ამბობს, "ეს არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი"


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 

სახელისუფლებო პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ევროპის სახალხო პარტიას" "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტს უწოდებს და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადების გამო აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ EPP არასწორი პრინციპით მოქმედებს.

"ძალიან მარტივად, "ნაცმოძრაობის" მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი - ეს უმარტივესი ლოგიკაა და ეს ძალაშია ამ შემთხვევაშიც... ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ EPP-ში არის გაწევრიანებული ორი დანაშაულებრივი მოძრაობა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". სამწუხაროდ, ცნობილია, რომ EPP მოქმედებს არასწორი პრინციპით - ეს პრინციპია, რომ "ეს არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი". ეს არის ცნობილი, აპრობირებული მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში. "ნაცმოძრაობაზე" იციან, რომ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის მათი ცუდი ბიჭი, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ მათი დამნაშავეები არიან... ეს არის "ნაცმოძრაობის" ფეიკი, რომელიც მეორდება ლობისტების მხრიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"ევროპის სახალხო პარტიის" [EPP] რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა ოთხშაბათს, 8 ივნისს უნდა განიხილოს, ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელყოფას და სხვა წინადადებებთან ერთად, მოიცავს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, მიზანმიმართული სანქციების დაწესების წინადადებას. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია. რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში "სახალხო პარტიის" ჯგუფის სახელით განსახილველად 30-მა დეპუტატმა 6 ივნისს შეიტანა.

XS
SM
MD
LG