Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ თავისი პორტების განბლოკვის პირობები დაასახელა


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება უკრაინის საზღვაო პორტების განბლოკვის შესახებ იქიდან მარცვლეულის გასატანად.

„თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ახლახან ნიკოლაევის მარცვლეულის ტერმინალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, ვერ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ასეთი დერეფანი გამოიყენოს ოდესასა და უკრაინის სამხრეთზე თავდასხმისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები საზღვაო მიმოსვლის აღსადგენად“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადების თანახმად, ასეთი გარანტიებისთვის აუცილებელია უკრაინისთვის ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სანაპირო დაიცვას ზღვიდან იერიშებისგან. კიევი ასევე ითხოვს მესამე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავი ზღვის შესაბამისი აკვატორიის პატრულირებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი აფასებს თურქეთის ძალისხმევას, რაც უკრაინის პორტების განბლოკვისკენაა მიმართული, მაგრამ მოცემული მომენტისთვის ამ საკითხზე არავითარი შეთანხმება არაა მიღწეული.

ადრე Bloomberg-ი იტყობინებოდა უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ თურქეთსა და რუსეთს შორის არსებულ წინასწარ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთმა თითქოს ვალდებულება იკისრა, არ დაესხას პორტებს, თუკი უკრაინის მხარე მათ განნაღმავს იქიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გამოსასვლელად. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს უკრაინის პორტებს. სამშაბათს თურქეთში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებები უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხსაც შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG