Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზოვსტალის" დამცველი უკრაინელი მებრძოლების ნაწილი, სავარაუდოდ, რუსეთში გადაიყვანეს


ავტობუსები უკრაინელი მებრძოლებით, რომლებმაც "აზოვსტალის" ტერიტორია 2022 წლის 17 მაისს დატოვეს რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით
ავტობუსები უკრაინელი მებრძოლებით, რომლებმაც "აზოვსტალის" ტერიტორია 2022 წლის 17 მაისს დატოვეს რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით

ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ მეტალურგიული გიგანტის, ქარხანა „აზოვსტალის“ რაიონში, საგამოძიებო მოქმედებებისთვის რუსეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს სამართალდამცავ უწყებებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, რუსეთში ეტაპირებულთაგან მოსკოვში შესაძლოა, იმყოფებოდეს ასზე მეტი, მათ შორის უცხოელი მოხალისეები.

სააგენტოს წყაროს თანახმად, უახლოეს ხანში, რუსეთში გაგზავნიან უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთ ნაწილს. "ტასი" წერს, რომ რუსეთის საგამოძიებო უწყებებისგან ოფიციალური კომენტარი ვერ მოიპოვა.

რუსული არმიის ალყაში მარტიდან მყოფ მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორია მაისის შუა რიცხვებამდე რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.

სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. 16 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია.

20 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დასრულდა "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების გაყვანა, საერთო ჯამში, "ტყვედ ჩაბარდა" 2439 და ქალაქ მარიუპოლზე დამყარებულია რუსეთის სრული კონტროლი. უკრაინელი სამხედროები გადაიყვანეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე კოლონიაში. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები წერდნენ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინელი სამხედროების დაკითხვას აპირებს "უკრაინის რეჟიმის დანაშაულთა" გამოძიების ფარგლებში.

"აზოვსტალის" დამცველთა შორის იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, მესაზღვრეები, პოლიციელები, პოლკ "აზოვის" მებრძოლები და მოხალისეები.

6 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაშია "აზოვსტალის" 2500-ზე მეტი დამცველი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათ დასაბრუნებლად. ზელენსკის თანახმად, ამ პროცესს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG