საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას", თანამშრომლობას ორი პირობის შესრულების შემთხვევაში სთავაზობს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემისას ისაუბრა.
"მე ამ ყველაფერს ვაკვირდები და მაქვს დასკვნა და ეს პოზიცია უფრო მიმყარდება. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ თავს იქცევს ჩიხში. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი და სხვა ჯგუფები ეფუძნებიან ისეთ პოლიტიკურ კონცეფციას, რომელიც ჩიხურია და თავისთავად გამორიცხავს თანამშრომლობას... თქვენი კონცეფცია ეფუძნება ორ რამეს - "ქართული ოცნება" არის რუსული პროექტი, ამ სიტყვების სხვადასხვა ვარიაციებით და მეორე, ქართველი ხალხის არჩევანის არმიღება - ანუ "ქართული ოცნების" წარმოჩენა, რომ თითქოს ის არის რუსული პროექტი და მეორე არჩევნების არაღიარება.
სანამ ამ ორ კონცეფციას არ უარყოფთ, იქამდე, რა თქმა უნდა, ვერ გამოვა თანამშრომლობა. ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელმაც უარყო, რომ არჩევნები იყო თითქოს გაყალბებული, რომ თითქოს რაღაც რუსული გავლენები არის, ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან შესაძლებელი ხდება პოლიტიკური თანამშრომლობა. სანამ თქვენ კონცეფციას არ განაგდებთ, მანამდე თქვენი მხრიდან იქნება ეს ჩაკეტილი...
შეიძლება თქვენი ლიდერების ნაწილს არც სჯეროდეს, როდესაც გულში ჩაიხედებიან, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომლითაც ამობილიზებთ თქვენს ამომრჩეველს. მათ უჩენთ ზიზღს საკუთარი ქვეყნის მთავრობის მიმართ - ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ შეაზიზღონ მთავრობა, სახელმწიფო ინსტიტუტები", - თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დეპუტატებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოსა თითოეული კომიტეტის საქმიანობის შესახებ. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ბოიკოტზე და აღნიშნა, რომ "ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაიშალა და დღეს პარლამენტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა".
შალვა პაპუაშვილის მოხსენების ტექსტი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებულ კითხვარზე საუბრით დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის გადაწყვეტილების პოზიტიურ მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.