რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ევროკავშირში გაგზავნა დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ ის მეტ გადასახადებს იხდის ევროპაში, ვიდრე რუსეთში. ამის საფუძველზე ის ასაჩივრებს მის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერისთვის.
როგორც დიდი ბრიტანეთის გაზეთ The Times-ს უთხრეს ბიზნესმენის ადვოკატებმა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აბრამოვიჩმა ბრიტანეთში თითქმის ორ მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე გადასახადები გადაიხადა. მათი ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მან გაერთიანებულ სამეფოში გადაიხადა 41 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი კორპორაციული გადასახადები, მოსაკრებლები და სადაზღვევო დანარიცხები, რის გამოც ის ქვეყნის 25 ყველაზე მსხვილ გადასახადების გადამხდელთა შორისაა.
მილიარდერის ადვოკატების თქმით, მან ასევე 2 მილიარდი გირვანქა დააბანდა კერძო ფონდებში, მისი საოჯახო ოფისი ლონდონშია და მან სამუშაო მისცა ათასზე მეტ თანამშრომელს საფეხბურთო კლუბ „ჩელსისა“ და სხვა კომპანიებში.
ამის საფუძველზე აბრამოვიჩი ასაჩივრებს მტკიცებას იმაზე, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს სპონსორია. ასევე ის ყალბს უწოდებს მტკიცებას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი სიახლოვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ამისთვის სანქციების შემოღება უსამართლობა იყო.
The Times-ის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აბრამოვიჩის ქონება ორჯერ შემცირდა - 12 მილიარდიდან 6 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე.
ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ რუს მილიარდერებს სანქციები დაუწესეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მიიჩნიეს, რომ რუსი მილიარდერები ხელისუფლებასთან სიახლოვის ხარჯზე მდიდრდებიან.