Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმუშავეთ იმავე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე" - ევროპარლამენტის პოლიტჯგუფების განცხადება უკრაინა-მოლდოვის კანდიდატობას მხარს უჭერს


ევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების დეკლარაციის საბოლოო ტექსტში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდამჭერი ჩანაწერი შეიცვალა. ევროპარლამენტის ლიდერები ევროკავშირს მოუწოდებენ, მიანიჭოს "უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი" და იმუშაონ "იმავე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე, საქართველოს ხალხის ლეგიტიმური სწრაფვის ხორცშესხმისთვის".

9 ივნისს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, 2022 წლის 23-24 ივნისის შეხვედრის მონაწილეებს, რომლებმაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

საგულისხმოა, რომ წინა პროექტის ტექსტისგან განსხვავებით, ახალში საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან გამოყოფილადაა მოხსენიებული, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების სულისკვეთება შენარჩუნებულია.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერთა ერთობლივი განცხადება ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების 2022 წლის 23-24 ივნისის შეხვედრის მონაწილეებს:

ჩვენ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები, მივმართავთ ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების 23-24 ივნისის შეხვედრას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადების შესახებ.

ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გაბედულება, პრინციპულობა და ხედვა ჩვენი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და საერთაშორისო გარემოს გაუარესების დღევანდელ კონტექსტში.

ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც ამართლებს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს იმათ მიმართ სოლიდარობის ჩვენებით, ვინც იცავს იმავე იდეალებს.

უკრაინის მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი.

ვაცნობიერებთ, რომ ასეთსავე სულისკვეთებას იზიარებენ საქართველოსა და მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხალხები და მათი მოლოდინების უგულებელყოფა აღარ უნდა გაგრძელდეს. ამიტომაც, ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი; და იმუშავეთ იგივე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე, საქართველოს ხალხის ლეგიტიმური სწრაფვის ხორცშესხმისთვის. ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ ნარჩუნდება დასავლეთ ბალკანეთის მიმართ ევროკავშირის ისტორიული დაპირება."

7 ივნისს ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მიერ შემუშავებულ ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვკითხულობდით:

ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. მანამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ.

ევროკომისია მუშაობს განაცხადების შესახებ რეკომენდაციებზე, რეკომენდაციები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ევროკომისია რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნის, რომლის გათვალისწინებითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ სტატუსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG