Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ვცდილობდით წინ დავდგომოდით ამის დადგომას


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის მიღების მიზეზი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებია. რეზოლუციის საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ საქართველოს ევროპული გზის შეფერხებისთვის პასუხს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აგებენ.

"თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ, თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს - გვითხრეს ევროპიდან... ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური განადგურების წყურვილის გამო, "ქართული ოცნება" ამ შედეგისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია ვცდილობდით წინ აღვდგომოდით ამ მომენტის დადგომას...

დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით, ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ დროა, თბილისში გავაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის. და სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა...

ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და "ქართული ოცნება", - თქვა ნიკა მელიამ.

დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია, "ფეიკების შედეგია".

"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

რეზოლუციაში შევიდა ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG