Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის პირველ ლედის ყველა ქართველი ქალის სახელით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი (ცენტრში), საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ვიდეოჩართვის დროს (ეკრანზე).
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი (ცენტრში), საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ვიდეოჩართვის დროს (ეკრანზე).

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ დისკუსიაში - "ქალები კონფლიქტებში". მასში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.

სალომე ზურაბიშვილმა ოლენა ზელენსკას სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ქართველი ქალის სახელით და თქვა, რომ ომის პირველი მსხვერპლები ყოველთვის ქალები არიან, თუმცა დღეს უკრაინის ომში მთელი უკრაინელი ერი მონაწილეობს და ეს არ არის ომი, რომელსაც მხოლოდ კაცები ხელმძღვანელობენ.

„ალბათ არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს სურათებს, რასაც ვხედავთ უკრაინაში უკვე 106 დღის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს. ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ ძალადობრივ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მოძმე სახელმწიფოდ აცხადებდა. პარადოქსი სახეზეა. არავინ არ გაუკეთებს ასეთ რამეს ახლობელ სახელმწიფოს და ხალხს. რუსეთი ამ ხალხს კლავს ყოველდღე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს.

ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლი ქალები არიან. ჩვენ გვქონდა ეს გამოცდილება რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული სამი აგრესიის პერიოდში. ქალები იყვნენ ომის მსხვერპლები, ქალები იყვნენ იძულებით გადაადგილებულები, მაგრამ რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, არის ის, რომ ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობისა. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები ხელმძღვანელობენ, ეს არის ომი, რომელსაც სათავეში უდგას მთელი უკრაინელი ერი, რაც იმსახურებს ჩვენს აღტაცებას. მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა ყველა ქართველი ქალის სახელით, რომელთაც ახლა მე წარმოვადგენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოლენა ზელენსკამ თქვა, რომ უკრაინელი ქალები ისეთივე დამოუკიდებელი არიან, როგორც თავად უკრაინა და ისინი ახლა სწორედ ამ დამოუკიდებლობის და თავისუფლების შესანარჩუნებლად იბრძვიან.

XS
SM
MD
LG