Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ "ფაქტობრივი სანქციების პირობებში" მუშაობენ. ასე გამოეხმაურა ყიფიანი "იმედის" ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებაზე იყო საუბარი.

"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა: ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. არის ის, რომ ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში... არაერთი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ ასეთი სანქციები გაცხადდა. ფაქტობრივად, ჩვენ და ბატონ ივანიშვილს უწევს საქმიანობა და ჭიდილი გამოუცხადებელი სანქციების პირობებში. ფორმაც არაკორექტულია, არაკულტურული, ყოველგვარ დადგენილ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს მოკლებული", - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.

მანამდე, 6 მაისს, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო. მიზეზად დასახელებული იყო "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში". "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ ეს შეაფასა, როგორც უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვის შესაძლო მცდელობა.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციის შეფასებისას "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ევროკავშირი ფეიკის მსხვერპლია".

"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG