უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გიორგი გრიგოლია დღეს, აბაშაში, საგვარეულო სასაფლაოზე, დედის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალეს. 41 წლის მებრძოლის ცხედარი აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მებრძოლის დაკრძალვას ვერ დაესწრო ოჯახი. მამამ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევიდან გამოსვლა, იქ მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ვერ შეძლო. საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლეს უკრაინაში მცხოვრებმა გიორგი გრიგოლიას ცოლმა და მისმა მცირეწლოვანმა შვილმაც.
დაღუპულის ნათესავების ცნობით, გიორგი გრიგოლია უკრაინაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. ის ომში პირველივე დღიდან ჩაერთო. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა და საარტილერიო შეტევის დროს რამდენიმე უკრაინელ ჯარისკაცთან ერთად დაიღუპა.
ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 6 ივნისს გავრცელდა. ის საქართველოში 10 ივნისს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, 24 თებერვლიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 15 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.
დაწერეთ კომენტარი