Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი-ფონ დერ ლაიენს: უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის პასუხი განსაზღვრავს, აქვს თუ არა მომავალი ევროპულ პროექტს


ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურზულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა კიევში
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ურზულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა კიევში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივნისს კიევში უმასპინძლა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურზულა ფონ დერ ლაიენს და მასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მთელი ევროპული პროექტის მომავალი იქნება დამოკიდებული.

"ახლა დგინდება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი და იქნება თუ არა საერთოდ ეს მომავალი. ევროკავშირის დადებითი პასუხი უკრაინის წევრობის განაცხადზე ასევე შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა ევროპულ პროექტს საერთოდ მომავალი", - განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა", - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.


ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი 11 ივნისს კიევში ჩავიდა, რათა, როგორც სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ.

  • მოსალოდნელია, რომ 17 ივნისს კომისია ევროკავშირის წევრებს ურჩევს, უკრაინას მიანიჭონ ბლოკში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იმ პირობით, რომ ქვეყანა პატივს სცემს კანონის უზენაესობას და აქტიურად შეებრძოლება კორუფციას. ამის შესახებ Bloomberg-ის წყაროები იუწყებიან.

  • გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს ბლოკის ყველა, 27 წევრმა ქვეყანამ. თუ პასუხი დადებითი იქნება, უკრაინას მოუწევს მთელი რიგი რეფორმების გატარება, რათა შეასრულოს ევროკავშირის ყველა წესი და სტანდარტი. ამ პროცესს შეიძლება ათ წელზე მეტი დასჭირდეს.

  • ზოგიერთი სახელმწიფო, როგორიცაა ნიდერლანდები, დანია, შვედეთი და პორტუგალია, სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში კავშირის ყველა პრინციპი არ არის დაცული.
  • ამავე დროს, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი, ლიეტუვა და ირლანდია, თვლიან, რომ ომის პირობებში, უკრაინის განაცხადის მხარდაჭერა ქვეყნისთვის კარგი მორალური სტიმული იქნება. თავად ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა "ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება".
  • ევროკავშირის ლიდერები უკრაინის შესახებ კომისიის დასკვნას მომდევნო სამიტზე განიხილავენ, რომელიც 23-24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. უკრაინის კვალად, განაცხადები ასევე წარადგინეს მოლდოვამ და საქართველომ.


ეს ევროკომისიის ხელმძღვანელის მეორე ვიზიტია კიევში 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მანამდე ურზულა ფონ დერ ლაიენი კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩასაც ეწვია, სადაც რუსეთის ჯარის მხრიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG