Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვართ მაყურებლის იმედად“ - „მთავარი არხის“ გასართობ გადაცემებს სტუდიები აღარ აქვს


ფოტო არქივიდან: "მთავარი არხის" სტუდია
ფოტო არქივიდან: "მთავარი არხის" სტუდია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებისა და არხზე არსებული ფინანსური პრობლემების გამო, გასართობი გადაცემები სტუდიების გარეშე დარჩა.

„შენი დილის“ 13 ივნისის ეპიზოდი ეთერში განსხვავებული ფორმატით გავიდა. წამყვანები მაყურებელს მიესალმნენ არა სტუდიიდან, არამედ "ვერის დუქნიდან".

დღეს ჩვენ ვართ კეთილი ადამიანების და ჩვენი მაყურებლის იმედად, - თქვა გადაცემის წამყვანმა ანუკა ელიზბარაშვილმა, - და ჩვენი ენთუზიაზმის“, - დაამატა კოკო როინიშვილმა.

„მთავარი არხის“ გასართობმა გადაცემებმა - როგორებიცაა „ვანოს შოუ“, „ნანუკას შოუ“, „ლიტერატურული სამკუთხედი“ - დატოვეს ვაშლიჯვარში მდებარე პავილიონი, რომლის დაქირავებისთვის საჭირო თანხაც ტელეკომპანიას აღარ აქვს.

გამონაკლისია მხოლოდ ახალი ამბები, რომელიც სხვა შენობიდან გადის ეთერში.

ჩავკეტეთ, ჩავაბნელეთ და გავედით გარეთ. ვეძებთ ალტერნატივებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არხის პროდიუსერი თამარ ჩანტლაძე.


იგი ამბობს, რომ არ აქვთ ფინანსური რესურსი კამერების, განათებისა და ხმის აპარატურის დასაქირავებლად. თამარ ჩანტლაძისვე თქმით, თუ ერთ გადაცემაზე სულ მცირე 6 კამერა და შესაბამისად ოპერატორია საჭირო, ახლა მხოლოდ ორი კამერა მუშაობს.

თამთა მურადაშვილი, „მთავარი არხის“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტელეკომპანია რთულ სიტუაციაშია, თუმცა შეეცდებიან შეინარჩუნონ ყველა გადაცემა და თანამშრომლები.

„ვცდილობთ, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ეს პროცესი“, - ამბობს მურადაშვილი.

ახლა მაუწყებლობისთვის სივრცეს ეძებს „ლიტერატურული სამკუთხედიც“.

„იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან კეთილი ადამიანები“, - აღნიშნავს თამთა მურადაშვილი.

„მედიის თავისუფლების ფონდი" - ასე ჰქვია ფონდს, რომელიც „მთავარი არხის“ დასახმარებლად შეიქმნა, მისი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან მესამე დღეს.

გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG